ნიკა გაბუნია
ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან?
ნიკა გაბუნია - კერძო სკოლა „ოქროს აკვნის“მე-7 კლასის მოსწავლეა, ჯერ მხოლოდ მე-7 კლასშია, მის შემოქმედებას კი ამას საერთოდ ვერ შეამჩნევს მკითხველი. მისი პროზა და პოეზია ყველაზე მკაცრ კრიტიკასაც კი თავისუფლად გაუძლებს. ჭაშნიკისთვის გთავაზობთ ერთ მოთხრობას. * * * * *
ნიკა გაბუნია
მარშრუტკა

თბილისის მოსახლეობის ნახევარიც ვერ გაიგებს, თუ იტყვი:„მიკროავტობუსით წავალ“, ან „სამარშრუტო ტაქსში ჩავჯექი“, იმიტომ რომ მას ჰქვია მარშრუტკა. ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. ჩემი აზრით, ცხოვრებისათვის მოუმზადებელი ბავშვები ხშირად უნდა ჩავსხათ მარშრუტკებში, რათა მათ იქ გამოცდილება მიიღონ. იქ ის ისწავლის: მოთმენას, დასწრებას, ადგილის ფასს, ბილწსიტყვაობასა და მძღოლების პირად ისტორიებს. თან ბავშვი მანდვე შეიტყობს ქალაქის ყველაზე გავრცელებულ ჭორებს. და, რაც მთავარია, ბავშვი მარშრუტკაში სწავლობს მყარად დგომას. სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მარშრუტკაში დგომისას შემთხვევით ხელს მოჰკიდებს მოხუცს, გაუგებარი ეროვნების ქალს, და მაშინ ის მოისმენს სიტყვებს, რომლებიც ცხოვრებაში არ გაუგონია და ვერც გაიგებს, თუ როგორია ულტრახმები, რომელსაც ეს ქალი გამოსცემს, როდესაც ქოქოლას დააყრის. ამ საშინელებას ის კარგად დაიმახსოვრებს და როდესაც გაიზრდება, შეიძლება თავისი შვილების შესაშინებლადაც გამოიყენოს ხოლმე: „დაიძინეთ, შვილებო, თორემ, ქურთი ქალი მოვა და ყურის ბარაბნებთან დაგიკრავთ საბაირამო მუსიკას.“ მეც მარშრუტკის „ბანაკსგამოვლილი“ ვარ და ამან ბევრი რამ მომცა. მაგალითად, ახლა ვიცი, ვის უღალატა ალიკამ, ან რატომ აიღო კრედიტი ანჟელამ. კიდევ: ხომ გინახავთ უნომრო მარშრუტკები? არც 70, არც 3, არამედ, არაფერი. მე მეგონა, რომ ეს უნომრო მარშრუტკა მიდის მთვარეზე, ახლა კი ვიცი, რომ მთვარეზე 170 მიდის. ერთხელ მარშრუტკიდან ჩასასვლელად ვემზადებოდი. მაშინ პატარა ვიყავი და მორიდებული, მრცხვენოდა ყვირილი - გააჩერე, ბიძია! - და საშუალოდ ვყვიროდი: „პატივცემულო შოფერო, აქ ხომ ვერ გამიჩერებთ?!“ სამწუხაროდ, ეს არც მძღოლს ესმოდა, არც სხვა ვინმეს. გავიარეთ დანიშნულების ადგილი და გზა გააგრძელა. მეგონა, გაიგო და ნელ-ნელა დაამუხრუჭებდა, მაგრამ არა, „ხოშიანად დაგაზა“. დავიბენი და მძღოლთან მივედი. თვალებში ჩავხედე და ვთქვი: „გამიჩერეთ, ბიძია!“ ის თვალებს აფახულებდა და ერთი თვალით მე მიყურებდა, მეორით - გზას. მერე მგზავრებისკენ გავიხედე და ცრემლი მომადგა. „არ მიჩერებს!“- ვთქვი. ამას მოჰყვა ხარხარი და შუაზე გადასკდომა. „რას იცინით?“- ცრემლი წამომივიდა უცებ. მძღოლმა გააჩერა გაჩერებასთან. „ჩადი, კაცური კაცი, და კიდევ კითხვა ისწავლე“. თქვა და თითით წარწერისკენ მიმითითა. იქ ეწერა:„ რუსთაველსა და ილიაზე მიკროავტობუსი ჩერდება მხოლოდ გაჩერებებზე“. ამის შემდეგ აღარ ვიბნევი...
15.12.2016

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge