ავთო ტლაშიძე
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ბიჭია:
მოხდენილი, სასიამოვნო შესახედავი, თუმცა ძალიან მოუსვენარი (ზოგჯერ ზედმეტადაც! :) ),
ძალიან მხიარული (ზოგჯერ ზედმეტადაც! :) ),
ძალიან ზარმაცი (ზოგჯერ ზედმეტადაც! :) ),
მაგრამ თუ თავისი ნაწერები განდო და სულში ჩაგახედა, ცხოვრებაგამოვლილი კაცის სიბრძნის, დიდსულოვნების, გონიერებისა და ბუნებით ხელოვანის ნამდვილი ხატის, ერთი სიტყვით, ვაჟას კაი ყმის ( მხოლოდ 21-ე საუკუნის) წინაშე აღმოჩნდები.
მაშ, იცნობდეთ, ეს ქართველი ბიჭი მომავლიდან მოდის...
ავთო ტლაშიძე
გორი

ნათელი ოთახი. ჩიტების გაბმული სიმღერა ჩემი ქალაქის დილას სილამაზესა და სიამოვნებას მატებს. ვდგები. საუზმეს შევექცევი, მივდივარ სამსახურში და ჩემს საყვარელ საქმიანობას ვიწყებ...როგორც ყოველთვის, ჩემი ქალაქი სილამაზით არის აღსავსე. გორი... აქ ყველა ერთმანეთს იცნობს . ხალხი თბილია, როგორც ეს ქალაქი. დაღლილობამ დამძლია. ჩემს კაბინეტში, საკუთარ მაგიდაზე, ჩამომეძინა... სამუშაო საათები დასრულდა. ნელ-ნელა ვემზადები, რომ სახლში დავბრუნდე, ჩემს რბილ დივანზე ჩამოვჯდე და ტელევიზორს ხმა ავუწიო... 2008 წლის 7 აგვისტოს დღე ჩემთვის ლამაზი დილით დაიწყო, თუმცა ღამე მშვიდი არ ყოფილა. სავარძელში ჩაძინებული ტყვიების ზუზუნმა გამომაღვიძა. საოწარკვეთილი ყვირილი ჩამესმა: „მიშველეთ! ვინმე დამეხმარეთ!“ ფანჯრიდან გადავიხედე... ისევ ის ხმა - ტყვია კედელს ეჯახება და მის ადგილას შავი ღრმა ხვრელი ჩნდება. ზოგიერთი ტყვია ადამიანის ძვალს ხეთქავს. ხუთი წუთის განმავლობაში ჩემს წინ სრული ქაოსი დატრიალდა. იმის ნაცვლად, რომ რაიმე მეღონა და თავი გადამერჩინა, ვიდექი და ვიხსენებდი, როგორი ლამაზი იყო იმავე ადგილიდან დანახული დილა... ამასობაში მეზობელი შემორბის და გაბმულად ყვირის: - ბიჭო, დავით, თავს იკლავ?!.. ცოტა ხანში აქაურობა რუსი სეპარატისტებით აივსება!!! -მერე რა, თემო, რატომ უნდა გავიქცეთ აქედან? ცოდო არ არის, ჩვენი ლამაზი ქალაქი მათ ხელში რომ აღმოჩნდეს? - კი, მაგრამ ჩვენ რას გავხდებით მათ წინააღმდეგ?.. ისინი ათასობით არიან... - თემურ! ჩვენი ქართველობა დღემდე, აქამდე, ბრძოლით მოვიდა. - კარგი, მართალი ხარ, რა ვიღონოთ?...ისტორიის გახსენებით ვერაფერს ვიზამთ... - ისტორიის გახსენება გვაძლიერებს... - წამოდი, ხალხს დავეხმაროთ... მე და თემური გარეთ გამოვდივართ. მანქანას ცეცხლი უკიდია, გვერდით მთლად სისხლში მოსვრილი მოხუცი კაცი წევს და შველას ითხოვს...და მე ამ დროს, უბრალოდ, გაშეშებული ვდგავარ. ის, რაც აქამდე ვილაპარაკეთ, მხოლოდ ადვილად სათქმელი სიტყვები აღმოჩნდა,ჩვენ მხოლოდ სამიზნენი ვიყავით. ხმა ჩამესმა: -მეხუთე ბატალიონი, გაასუფთავეთ პერიმეტრი! - მორბის ქართველი ჯარისკაცი. მის ხელში მომარჯვებული ავტომატიდან მტრის მისამართით შეუჩერებლად მიდის ტყვიების თავსხმა. ისევ ჯარისკაცების ხმა: - გაზღვევ, მიდი, ჩვენები არიან! ჯარისკაცი, რომელიც ჩვენთან მოვარდა, გვეუბნება: -სულ გაგიჟდით, თუ თავი გმირებად გამოგყავთ?! - ხელს მკლავზე მკიდებს და მანიშნებს, აქეთო... მთელი ღამე სარდაფში გავატარეთ. თანმხლებ ორ ჯარისკაცს დაღლილობისგან ჩასძინებოდა. თემურიც თითქმის უგონოდ მიყუჟულიყო, მე კი ვფიქრობდი: „ რისთვის იღვრება ამდენი სისხლი? რისთვის იღუპება უდანაშაულო ხალხი, რომელთაც ვიღაცის პირადი მიზანი სიცოცხლეს უმოკლებს? ნუთუ უბრალო მიწა ამდენი ადამიანის ცოდვად უღირთ?.. შეძლება დათესო მოსავალი, შეიძლება ააშენო საწარმო, თუმცა ვერასოდეს დათესავ ადამიანის სიცოცხლეს. იმ ადამიანისას, რომელიც მაღაზიაში გამოვიდა თავისი პატარა გოგონასთვის ტკბილეულის საყიდლად, მაგრამ ცივმა და ბრმა ტყვიამ სიცოცხლეს გამოასალმა, სამუდამოდ გამოასალმა თავის 5 წლის პირმშოს...“ ფიქრებში დამათენდა, თუმცა, გუშინდლისგან განსხვავებით, მზის სხივების ნაცვლად ციდან რუსული ბომბდამშენების ასაფეთქებელი ჭურვები ეცემოდა ფანჯრებს, ხოლო ჩიტების ჭიკჭიკის ნაცვლად ავტომატის ტყვიები ზუზუნებდა...
15.12.2016

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge