ავთო ტლაშიძე
***დამეთანხმებით, ასეთი სიღრმით, თხრობის უბრალოებითა და სტრიქონებს შორის გამომკრთალი მართალი ქვეტექსტებით მხოლოდ ნიჭიერ და გამოცდილ შემოქმედებს შეუძლიათ წერა. ამ მოთხრობის ავტორი მხოლოდ 17 წლისაა. მოთხრობის დასასრული კი თავისი უთქმელი ნათქვამით, უბრალოდ, გენიალურია. „ნამდვილს“ არ ეუხერხულება ასეთი წინასიტყვაობა, რადგან სჯერა, ამაში დრო ყველას ნამდვილად დაგვარწმუნებს.
ავთო ტლაშიძე
გაბრიელი

გაბრიელი ჩვიდმეტი წლის მოზარდია და მეგობრები გაბოს ეძახიან. მის ლამაზ თვალებში სითბოსა და სიყვარულის მეტს ვერაფერს დაინახავ. ზაფხული. ივლისის 13. თბილისი თითქმის ცარიელია. გაბრიელი მეგობრებთან ერთად გეგმავს ბათუმში თვითმფრინავით გამგზავრებას. გაბოს ერთ-ერთი კეთილი და ბავშვური შეხედულების მეგობარი კარზე აკაკუნებს. კარს გაბოს დედა , თამარი აღებს. -გამარჯობა, თამო დეიდა, როგორ ხართ? -კარგად, ლაშა, შენ? -რავი... არა მიშავს... -კარგად უნდა იყო, შვილო. -ოჰჰ! მოხვედი, ვაჟკაც?!- მეორე ოთახიდან გამოდის ლაშა. - წავედით. -გაბო, ძალიან არ დაიგვიანო, ხომ იცი, ვნერვიულობ, დე! - მკაცრად ამბობს დედა. გაბო და ლაშა დანარჩენ მეგობრებსაც ხვდებიან. ბიჭებს უცებ გახსენდათ, რომ დიდი ხნის უნახავი მათი სიყრმის მეგობარია თბილისში ჩამოსული და გადაწყვეტეს, რომ ბათუმში გამგზავრებამდე ერთად მისხდომოდნენ სუფრას. მის სადარბაზოსთან მივიდნენ და შესძახეს: -ალექს! ალექსმა გადმოიხედა. -თქვენ?! - ჩამოსძახათ სახეგაბრწყინებულმა და რამდენიმე წამში მათთან გაჩნდა. პირველად გაბოს გადაეხვია. -რა არის, ბიჭო? ჩამოხვედი და ერთი მესიჯიც კი არ მოგვწერე არც ერთს, აქეთ ვარო!- საყვედურივით მიაყოლა გაბომ. -აუ, შენს თავს ვფიცავარ, მთელი გზა ვფიქრობდი, რომ ჩავალ, ბიჭებს დავურეკავ და აღვნიშნავთ- თქო, მაგრამ ისეთი არეული დამხვდა სახლი, ახლაც ვალაგებთ მე და დედა. -დალაგება ხვალისთვის გადადე. ზეგ ბათუმში მივფრინავთ. ახლა ჩაიცვი და წამო, ცოტა დავლიოთ, გავერთოთ, ხო იცი... -ხო რა, სულ ხო ვერ ვართ ესე ერთად ყველა, - საუბარში ჩაერთო მესამე ძმაკაცი... ამასობაში ღამის ათი საათიც გახდა. რესტორანში შევიდნენ. დასხდნენ. -წავალ, შევუკვეთავ ყველაფერს და ორ წუთში მოვალ. იცოდეთ, უჩემოდ არაფერზე იღადავოთ, - ღიმილით თქვა გაბომ და გავიდა. სუფრა ძალიან მალე გააწყეს. -აჰა, ყველაფერი აქ არის, ხომ არაფერი გვაკლია?-იკითხა გაბომ. -არაფერი. დაჯექი და დავიწყოთ, გაშრა, ბიჭო, ყელი! - თქვა ალექსმა. თორმეტი საათისთვის დაიშალნენ ბიჭები. - ტაქსი გავაჩეროთ და დავრიგდეთ სახლებში, ფეხით ხომ არ ვიბოდიალებთ... - გაბოს სათქმელი დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ოცდახუთიოდე წლის უცნობმა ახალგაზრდამ დაუძახა: -ეეი, ბიჭი, ერთი წამით აქეთ მოიწიე რა!.. გაბოსთან ერთად მთელი საძმაკაცო დაიძრა. - მოიცათ, მარტო მივალ, კაცს არ შეეშინდეს, ამდენს რომ დაგვინახავს,- გაბომ ბიჭები შეაჩერა. -გაუმარჯოს, ვაჟკაც, შენი სახელი? -გაბრიელი. რა ხდება? შემიძლია რამით დაგეხმარო? -კი. დამარეკინე რა ერთ ადგილას! გაბომ შეატყო, ბიჭი ნასვამი იყო და რაკი არ იცოდა, რეალურად რა მიზნით სურდა დარეკვა, უთხრა: -სალაპარაკო არ მაქვს, თორემ რა პრობლემაა?! ამ დროს ბიჭებმაც დაუძახეს: - მალე რა, გაბო, გვეჩქარება! - თქვენ რა გინდათ, ბიჭო, აბა აქ მოდით!- ხმამაღლა აყვირდა უცნობი ახალგაზრდა. პასუხად ბიჭები მისკენ დაიძრნენ. როდესაც მიუახლოვდნენ, უცნობმა მოულოდნელად დანა ამოიღო და სიტყვის უთქმელად დაარტყა ლაშას. ორიოდე წამში რესტორნიდან ტანმოზრდილი ბიჭები გამოცვივდნენ და ატყდა ჩხუბი. საქმეში რესტორნის დაცვა ჩაერია და პატრულის გამოძახებით დაიმუქრა. უცხო ბიჭი და მისი მეგობრები ეგრევე გაუჩინარდნენ. სახლში მისული გაბო დედამ დასისხლიანებული რომ დაინახა, ლამის გული შეუწუხდა: -ვაიმე, შვილო, რა გჭირს? ვინ გცემა? -არაფერია, დე, უბრალოდ, სისხლი მომდის ცხვირიდან. ბიჭებმა ცოტა დავლიეთ და მერე ფეხბურთი ვითამაშეთ. დედას ცოტა დაუჯერებლად კი მოეჩვენა, მაგრამ სისხლმა მაგრად დააბნია და აღარ ჩასძიებია. -კარგი, დე, ახლა დავიძინებ, ხვალ ბათუმისთვის უნდა მოვემზადო, ზეგ მივფრინავთ, ხო იცი... -კარგი, შვილო, ტკბილი ძილი!-დედამ შუქი ჩააქრო და კარი ნელა გაიხურა. მეორე დილით კარზე გაბმულმა ძლიერმა კაკუნმა გააღვიძა. თამარის კითხვაზე, თუ ვინ იყო, პასუხად გაისმა: -გააღეთ, საპატრულო პოლიციიდან ვართ! გაფითრებულმა დედამ კარი გააღო. პატრულის სამი თანამშრომლიდან ერთ-ერთმა იკითხა: -გაბრიელ დადიანი აქ არის? -დიახ, აქ ვარ!- გაბოს ერთბაშად დავაჟკაცებული ხმა ელვასავით გამოენთო საძინებლიდან. -თქვენ, გაბრიელ დადიანს, ბრალი გედებათ ხულიგნობაში, სხეულის განზრახ დაზიანებასა და დაყაჩაღებაში. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. რასაც თქვენ იტყვით, გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ...
15.12.2016

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge