ლუკა გრძელიშვილი
კიდევაც დაიზრდებიან...
ლუკა გრძელიშვილი,
VI კლასის მოსწავლე
მე მახსოვს აფხაზეთი -

მამაჩემის ტკივილი! I აფხაზეთის ომში რომ გაიწვიეს, მამა 21 წლის იყო. არ ვიცი, ეს 21 წელი დიდს უნდა ნიშნავდეს, თუ პატარას, მაგრამ მე პატარად მიმაჩნია. თუმცა ისიც ვიცი, რომ ძველად 21 საკმაოდ დიდს ნიშნავდა და , ქვეყნის ბედუკუღმართობის გამო, ბავშვებს ლამის სიარულთან ერთად ასწავლიდნენ იარაღის ჭერას. საბედნიეროდ, მამამ იცოდა იარაღის გამოყენება. მეტიც, ის შტაბის უფროსად დანიშნეს, რადგან არა მარტო ფიზიკურად იყო ყველაზე ძლიერი, არამედ ასაკითაც დანარჩენებზე უფროსი აღმოჩნდა. შტაბში ისეთი ბიჭებიც იყვნენ, რომელთაც იარაღი საერთოდ არ სჭერიათ ხელში. იქ კი იარაღები ინახებოდა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მებრძოლებს უნდა გამოეყენებინათ . ერთხელაც, მამა უყურებს, როგორ მიადგა ერთი ბიჭი ამ იარაღებს და თოფებს გარეთ ყრის. ეს იარაღები სულ ახალთ ახალი იყო, ბიჭი კი თურმე იმიტომ ყრიდა, რომ ნახვრეტის გამო, მოშლილი ეგონა. მამა ამიხსნა, ეს ნახვრეტი რომ არ ჰქონდეს, იარაღი ვერ გაისვრის, რადგან ტყვიები სწორედ აქ თავსდება და როცა იარაღს გადატენი, მასა, წნევა ამ ნახვრეტიდან აგდებს და ტყვია იტყორცნება. რაც ყველაზე მთავარია, მამას მხოლოდ ხუთი დღე ჰქონდა, რომ ამ ბავშვებისთვის რაიმე ესწავლებინა სამხედრო საქმეში და, როგორც თვითონ ამბობს, ურიგოდ არ გაართვა თავი. II გაჩაღებული ომის დროს მამაჩემმა და მისმა ოცეულმა ერთ დიდ სახლს შეაფარეს თავი. ამ სახლში მამა-შვილი, ხვიჩა და მარიამი , ცხოვრობდნენ, რომელსაც დედა მოუკლა მტრის ხელით გასროლილმა უმისამართო ტყვიამ. ერთ ღამესაც, როცა ოცეული შეინიღბა და მოწინააღმდეგის პოზიციების დასაზვერად გავიდა, მძინარე მამას გოგონა მოსტაცეს „მარადიორებმა“ იმ მიზნით, რომ დიდ გამოსასყიდს მიიღებდნენ. მამას ოცეულმა მოახერხა ბავშვის პოვნა: რადგანაც სოფელს ორი ტყე ერტყა, ოცეული ათეულებად დაიყო და ძებნას შეუდგნენ, მაგრამ ერთ-ერთი ათეულიდან მოულოდნელად ხუთეულიც დაიკარგა. თუმცა ძალიან გაუძნელდათ, მაგრამ მოახერხეს და გოგონაც იპოვეს და თანამებრძოლებიც, ისინი დაუნდობლად ნაცემები მიებათ ხეებზე. მამას ძალიან ვეხვეწები, დაწვრილებით მომიყევი, პოვნა როგორ მოახერხეთ-მეთქი, მაგრამ სულ ასე მპასუხობს, ვერ გეტყვი, შვილო, ეს სამხედრო საიდუმლოებააო. III ერთხელ თავად მამაც დაკარგულა. ბინდდებოდა, ბატალიონი გადაადგილდებოდა. ძალიან მოსწყურდა მამას წყალი და შემხვედრ წყაროსთან რომ შეჩერდა, ბატალიონს ჩამორჩა და გზა ვეღარ გაიგნო. ორი დღის სიარულის შემდეგ, შტაბს კი მიაგნო, რომელიც თავიდან ქართველი მებრძოლების ეგონა, მაგრამ შიგნით შესული მიხვდა, რომ მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა... ამის შემდეგ ვეღარ ვუსმენ ხოლმე, რადგანაც ყოველთვის ტირილს ვიწყებ და ოთახიდან გავრბივარ. ვიცი მხოლოდ ის, რომ თავისი მოხერხებითა და ვაჟკაცობით გამოაღწია იქიდან და საკუთარ შტაბს დაუბრუნდა.
15.12.2016

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge