ეკა ფხალაძე
* * * მამები და შვილები - მარადიულად აქტუალური და გადაუწყვეტელი თემა თავსატეხია დღევანდელობისთვისაც, ეგებ, უფრო მეტადაც, ვიდრე ოდესმე. მწერალი ეკა ფხალაძე ამ პრობლემას ძალზე საინტერესო რაკურსით გვთავაზობს: მოდით, შევხედოთ მედალს ორი მხრიდან - რა მოგვწონს და რა არა ჩვენს შვილებსა თუ მათ მშობლებში. აქვე დიდ ილიას დავსესხები, „დავაკვირდეთ, ეგებ, გვენიშნოს რამე“. „ნამდვილი“ კი, ავტორის ნებართვით, ამ მშვენიერ მოთხრობას უძღვნის ყველა აბიტურიენტს და არა მარტო მათ...
ეკა ფხალაძე
არ იტირო, დე!
( დღევანდელობა)

-ბიჭო, შვილო.. -დაიწყო!... -გესმის? -ჰო! -მაშინ სად გარბიხარ?...მომისმინე... ბიჭმა რკინის კარი უკმაყოფილოდ მიაჯახუნა და ოთახში შეტრიალდა. -გისმენ. -ბიჭო...შვილო... -დაიწყო... -დღეს-ხვალ აბიტურიენტი გახდები, ან ატესტატი არ გინდა, ან სტუდენტობა? -ჰო. -მერე? რას აკეთებ? სად მიდიხარ? სად დადიხარ? -სკოლაში! -სკოლაში?! - დედამ წვნიანით სავსე ქვაბი ისე დააბრახვა მაგიდაზე, შხეფები ამოიფრქვა სახურავიდან. - სკოლაში?! გუშინაც სკოლაში იყავი? გუშინწინაც? ახლაც იქ მიდიხარ, ხო? ბიჭმა პირი დააღო. უცებ ერთად მოუნდა ყველაფერი: გაბრაზება მასწავლებლის გამო, დედის დამშვიდება უსაფუძვლო შიშისა და ნერვიულობის გამო, სიხარული - რომ მამა კვლავ არ ერეოდა მის საქმეებში. და ბოლოს... გაღიმებაც იმის გამო, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც თავისას იზამდა ისევ... არც ერთი არ უქნია, სიტყვის უთქმელად მიტრიალდა. * * * ქუჩა იყო ჭრელი, ფუთფუთა, არეული, შერეული, ბევრნაირი სიტყვით, ხმითა და თვალით სავსე, სიცხით შეღონებული, დაღლილობაში ალინთული წუხილით, განცდით, აზრებით... მაგრამ მაინც ქუჩა იყო სწორედაც მიმზიდველი და საინტერესო. სწორედაც ქუჩა იყო იმდღევანდელი ცხოვრების მთავარი მანათობელი შუქურა, ინტერესის წყარო და, თუნდაც, თვალწყალდასალევინებელი, თუნდაც გოგოების ყურადღების შუაგულში აღმოსაჩენი გზა-კვალი. მიწისქვეშა გადასასვლელში ცხვირის ჩაყოფისთანავე ყურს სწვდებოდა ცოცხალი მელოდია. ხმატკბილშეწყობილ ხმებად შემოგეფრქვეოდა გიტარას აყოლილი ბიჭური ტონი. მოპირდაპირე კედელთან კი მთელი დღის განმავლობაში იდგა და იცვლებოდა ნაზი მსმენელი ციმციმა მზერით, გაუთავებელი საჩურჩულოთი, შერეული კისკისითა და იდუმლად გამოპარებული მზერით. ...იმ დღეს, ორ-სამ კიბეს ხტუნვა-ხტუნვით რომ გადააფრინდა და აქაქანებული გაჩერდა, დაკვრა შეწყდა და ისედაც დაბნეულს ბრაზით მიაფრინდნენ დამხვდურნი, სულ შენ როგორ უნდა გელოდოთ ყველაო?! -არა...დღეს... - და ბიჭს დილანდელივით მოუნდა ყველაფერი: გაბრაზებაც, დარწმუნებაც, ღიმილიც!.. არც ერთი არ აცალეს. ერთმა თავში ხელი წამოარტყა, მეორემ სადღაც ნაპოვნი ძველმანი ქუდი მიაჩეჩა ხელში: -მიდი, დროზე! -ვახ, ჩემი! - ჩაიბურდღუნა ბიჭმა. ქუდი ხელზე დაიბერტყა, კეპი შეისწორა თავზე, რატომღაც ხმა ჩაიწმინდა, მოკისკისე გოგონებს თვალი აარიდა და მიმავალი ქალებისკენ ნაჩვევი ღიმილით გაიწოდა ქუდიანი მარჯვენა. * * * და მთელი დღის განმავლობაში ქუდი ივსებოდა ხურდებით, ორლარიანებითაც... იშვიათად, ამღერებული ბიჭების წინ გაყუჩებული ერთ-ერთი გოგოს კავალერი ქაღალდის ფულსაც ამოაცოცებდა საფულიდან, მშვიდობის ბაირაღივით ააფრიალებდა და მერე ამაყად გაფხორილი გააბიჯებდა, როცა გოგოს კმაყოფილი, სხივიანი მზერა გაუგრილებდა ალავრდნილ თავმოყვარეობას... ტურისტებიც ჩერდებოდნენ ზოგჯერ. ღიმილიანები მოიმარჯვებდნენ ფოტოაპარატებს და ინტერესით აჩხაკუნებდნენ. ასეთ დროს ბიჭები მექანიკური საქოქით სამართავ სათამაშოებს ემსგავსებოდნენ, მოჩვენებით ომახს მატებდნენ სიმღერას, მეტი მონდომებით აკვნესებდნენ გიტარას და თან ერთად წითლდებოდა ყველა. თუ ხანდახან მომღერალ სასტავ-საძმაკაცოს გულშემატკივრები შემოემატებოდნენ, ხომ - საუკეთესო! მიწისქვეშა გვირაბში დამწკრივებულები კედლებს ცალ ფეხს მიაბჯენდნენ, კეპებს უკან მოიქცევდნენ, ჯიბეებში ხელებს ჩაიწყობდნენ და სტვენას ნა ხმას აყოლებდნენ მეტი ინტიმით აჟიტირებულ მუსიკას და შუაში გავლილ გოგოებს ქალურ ინსტიქტს ემოციებად აუჟივილხივილებდნენ. ოღონდ ამ დროს სათვალთვალო რჩებოდა მეტი, საქუდედ გამეტებული - ნაკლები. ქუჩა კი სულ ისეთივე იყო: ჭრელი, ფუთფუთა, არეული, არეული სიტყვითა და შერეული თვალით, აზრით, სიცხით გაჟღენთილი განწყობით. * * * -ხომ ვერ დაგვეხმარებით, ქალბატონო? -მე მეხმარება ვინმე?! - ისტერიკულად შესძახებს ქალი. -შეიძლება, გაიღოთ მოწყალება? -თუ მექნებოდა, თხოვნა რად დამჭირდებოდა? - ალბათ, გულწრფელად უკვირს კაცს. -თუ შეიძლება!.. - ღიმილით, ზრდილობით, თხოვნით,, ოდნავ წინ წახრით გაწვდილი ქუდით იმზირება ბიჭი. გამვლელი ჩერდება, სინანულით ეზიდება წარბებს, თითქოს ან უსიამოვნო წარსულიდან, ან მძინე მომავლის წარმოდგენიდან ამოაყვინთინეს თავიო, აქეთ- იქით იმზირება და შემოციცინებულ თვალებს ისეთივე სინანულიანი თვალებით პასუხობს: - ბოდიში, ბიჭებო... არ მაქვს... ვერაფერს გაჩუქებთ... - და რაღაცნაირად მიდის, დამნაშავესავით... -არაფერია, ქალბატონო, ღიმილი ხომ გვაჩუქეთ! -ახალგაზრდა ქალი მიდის...ისევ ნელ-ნელა ეშვება უსიამო წარსულის თუ მძიმე მომავლის წარმოდგენაში, მაგრამ ზურგზე ეტყობა, ტკბილ კომპლიმენტად რომ ჩაჰყვა გულის გულს პატარა ბიჭებისგან მიყოლილი თანაგრძნობის შეძახილი. თითქოსდა მათაც ეს-ესაა აეღოთ და მინდვრის სურნელით სატკბობ-საფერებელი თაიგული ეჩუქებინოთ! - წადით, შვილო, ჯან-ღონით სავსენი ხართ, წაიმუშავეთ, ხელ-ფეხი მოახმარეთ ოჯახს, ქვეყანას ... - გაღიზიანებული ხმა აფხიზლებთ კისერმოღრეცილთ. -ვმუშაობთ, ბიძია, ვმუშაობთ. განა გიტარის დაკვრა მუშაობა არ არის? - მთელი დღე ფეხზე დგომა? - ფულის დათვლა? ბიჭები იცინიან... იცინიან. -ვინ ხართ, რა ხართ, ვინ მოდიხართ, სად მოდიხართ!!! - სადღაც მიღმა იყურება კაცი, თავს იქნევს და ზურგს აქცევს... ხელში ქუდგაშეშებული ბიჭი ერთხანს ყუჩდება და მიმავალ კაცს გასცქერის. რომელიღაც ხელისკვრით აფხიზლებს: - იკაიფე რა! გაატარე!... რაც დაგვიტოვეს, იმასაც გვაყვედრიან... * * * -ბიჭო, შვილო! -დაიწყო! - გესმის? -ჰო! დედა ჩუმდება და ბიჭი უჩუმრად იხედება სამზარეულოში. ხედავს, ქურასთან მიმდგარი ქალი მკლავებით როგორ იწმენდს ცრემლებს. ერთხანს არ იცის, რა ქნას, რა თქვას, ხელებს ზურგზე იწყობს და ნელი ნაბიჯით უახლოვდება. -ვიცი, დე... ატესტატიც მინდა და სტუდენტობაც. აი, ნახე, ორივე მეღირსება. შენ ნუ გეშინია. მომავალი წლიდან წიგნებს რომ ჩავუჯდები, ვეღარ ამაყენებ ხოლმე, ნახე!.. დედა, დამშვიდების მაგიერ, უფრო ქვითინებს, მაგრამ, მთავარია, არ ილანძღება. ტირილით გულს მოიოხებს და დაწყნარდება. - არ იტირო, დე! დღეს ეგრე ჯობს!.. - უკან-უკან იხევს და კედელს ეჯახება. ხელისგულით ისრესს ნატკენ ადგილს. - ხვალეზე ხვალ ვილაპარაკოთ ... შენ არ ინერვიულო, ატესტატსაც მოგიტან და სტუდენტიც გავხდები, - გასასვლელ კართანაა და ხმას უმაღლებს. - გპირდები, ოღონდ არ იტირო, რა! ბოლო სიტყვები კარის ჯახუნთან ერთად ინაყება. ბიჭი უკანმოუხედავად გარბის სახლიდან ...
15.12.2016

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge