ნიკა გაბუნია
***„ნამდვილის “ მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილი ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი-
ნიკა გაბუნია- გვთავაზობს თავის მორიგ მოთხრობას
მ ე ტ ა მ ო რ ფ ო ზ ა

დავიბადე თუ არა, ასეთ ღონისძიებებს მიჩვეული მამაჩემი ღრმად ჩაეშვა ჭვავისა და სვიის სპირტის 27%-იან მოგზაურობაში და დაივიწყა მთელი თავისი ოჯახი ოთხი შვილის, სიდედრისა და ცოლისძმის ჩათვლით. როგორც ხვდებით, ცხოვრების პირველსავე წუთებიდან არსებითი მნიშვნელობა არ გამაჩნდა ოჯახში. ადრიდანვე გამოკვეთილ ჩემს სხვადასხვა ნიჭს მშობლები ისე ამჩნევდნენ, როგორც შავ ცხვარს ღამეში. მამაჩემი...რა ვთქვა... მე მას ხშირად ვეძახდი ჰაიზენბერგს ( ფაშისტ ბირთვულ ქიმიკოსს), რადგან უყვარდა სასმელების ერთმანეთში გარევა. ჰაიზენბერგს იმადაც ვეძახდი, რომ მისსა და მამაჩემის ექსპერიმენტებს მხოლოდ და მხოლოდ ქაოსი და ანარქია მოჰყვებოდა ხოლმე. დედა... სხვებისთვის ეს სიტყვა, ეგებ, თბილ, ერთგულ, მხარდამჭერ და კეთილ ადამიანთან ასოცირდებოდეს, რომელიც ყოველთვის მზადაა შვილის დასახმარებლად, ჩემთვის კი აფერისტობის, ღალატისა და სისასტიკის სინონიმი გახლდათ. მამის არყოფნისას სულ „მარცხნივ“ მიდიოდა. დანარჩენს ვერ გეტყვით, მრცხვენია. სკოლაშიც კლასელები პატივს არ მცემდნენ, მეტიც, მჩაგრავდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებზე მეტი ნაკლი მქონდა. მერე მეც ისე გავიზარდე, როგორც საერთოდ იზრდებიან ბავშვები, მაგრამ ჩემს მიმართ დამოკიდებულება ბორჯღალოსავით უსასრულობაში გადადიოდა. საზოგადოებაში მამცირებდნენ და მოურიდებლად მირტყამდნენ. მშობლები პირველად ცუდი ნიშნების გამო დამელაპარაკნენ. დაუკვირდით, როცა ორი წლის ასაკში ენა ამოვიდგი, მაშინ არ დამლაპარაკებიან და ჩემი ცუდი ნიშნების მერე კი, იცოცხლეთ, თავი არ დაუზოგავთ. -რატომ არ სწავლობ? - იკითხა მამამ. - არავინ მასწავლის. -როგორ არავინ? - მიმოიხედა.- აი, შენ ასწავლი, - თითი გაიშვირა დედისკენ. - მე კი წავედი. დედას ლაპარაკიც ეზარებოდა, მაგრამ იოტისოდენა მშობლიურმა ინსტიქტმა რაღაცნაირად გაურბინა ტვინის რომელიღაც ხვეულში: - უნდა ისწავლო, ბიჭო! რა გამოხვალ, მეეზოვე?! -მე გთხოვე, მაგრამ... -მოცლილი გგონივარ?- გაბრუნდა და წავიდა. მეორე დღეს სკოლაში მიმავალმა დავინახე ძაღლი. მე ჩამოვჯექი. ის მოვიდა და ჩემს წინ მეგობრულად დაყუნცდა. ჩემი პური დავუგდე და ჩვენ საბოლოოდ დავმეგობრდით. ამის შემდეგ ის ერთადერთი იყო ჩემს ნაცნობებს შორის, ვინც არ დამცინოდა და ჩემს ბედს თავისებურად „იზიარებდა“- სკოლამდე მიმყვებოდა ყოველდღე. ერთხელ, ჩემმა „მეგობრებმა“ შეიტყვეს ჩემი ერთადერთი ნამდვილი მეგობრის არსებობის შესახებ და სიცილი წასკდათ. „შემ ისიც გყოფნიდა, დებილი რომ იყავი, ახლა კი ტილიანიც ხარ“,- დამცინოდნენ (არა და ძაღლი ჯიშიანი იყო), პანღურებს მირტყამდნენ, პურს ძირს მიგდებდნენ, ჭამეო. მეპყრობოდნენ, როგორც ბალაგანის ჯამბაზს. სნობებიც აჰყვნენ და ახლა მთელი სკოლა გამცინოდა. მეწყინა, გავნადგურდი, დავყარე ყველაფერი და გავიქეცი. ვტიროდი და მთელი სისწრაფით გავრბოდი.. ვიპოვე ჩემი ძაღლი, ნავში ჩავსვი და მტკვარში გავცურე. მშობლებამდე ამბავი მალე მივიდა. „პიანიცამ“ და აფერისტკამ“ გაიხსენეს თავიანთი პირმშო, მისი ძაღლი და ხელები გაშალეს: „ნეტა რატომო?“ ერთ- ერთ გაზეთში კი დაიწერა: „ფრთხილად, ქალაქში ცოფიანი ბიჭი დადის“.
15.12.2016

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge