შემოქმედება
კატეგორია - შემოქმედება
რჩეული თაობა
გვერდს სურს შეგახსენოთ, რომ თქვენ კითხულობთ 13 წლის ბიჭის მოთხრობას, რომელიც არანაირ ასაკობრივ შეღავათს არ საჭიროებს.
ნიკა გაბუნია
თუნდაც... (გაგრძელება) -

რა გითხრა, შვილო? აი, იმას ვახერხებ, რომ მარტო ვჭამ და ვინელებ... თქვენ? საბადოდან გამოიქეცით? - სახე შეეცვალა და ახლა მეორეს შეხედა. -ეეხ, ეს ცარი!.. ყველას რომ საბადოებზე აგზავნის. -აბა, მექანიკურ სხეულებს ხომ ვერ გააკეთებენიქ სამუშაოდ? - უპასუხა ბიჭმა და ოთახს თვალი მოავლო. იქვე თოფს მოჰკრა თვალი: - ამით იცავ თავს, ბიძა? -ამით?- ჩაიცინა.- ეგ შესაშინებლად თუ გამომადგება, მარილიც არ მაქვს, რომ დავტენო. პირველს სახე კიდევ უფრო დაუბნელდა, თვალებში ჩახედა და წამოდგა. მოხუცმა ნერწყვი ჩაყლაპა, ზედმედტი ხომ არ მომივიდაო. პირველმა თოფი აიღო და მხარზე გადაიკიდა, მეორემ ხატებს მოჰკრა თვალი და რაც ჯიბეში ჩაეტია, ყველა აიღო. -არ გინდათ, შვილებო, ისედაც არაფერი გამაჩნია და მთლად ნუ გამცლით... - წამოვარდა მოხუცი. -დაწყნარდი, ბიძა და ყველაფერი კარგად იქნება... ოღონდ ჩვენთვის, უშნოდ იხუმრა ერთმა. ასეთივე უშნო, დებილური სიცილით გავიდნენ სახლიდან. მოხუცი დიდხანს იდგა სახით კარისკენ. მერე იქვე ჩამოჯდა. ტირილი მოუნდა, მაგრამ სითხე აღარ ჰქონდა ორგანიზმში. თაროს ახედა და დაინახა მხოლოდ ჯვარი, ზედ გაკრული იესოთი. პირჯვარი გადაიწერა და თქვა: -მადლობა ყველაფრისთვის, რაც მაქვს და რაც მქონდა, ღმერთო,, ხოლო მექნება თუ არა, შენი გადასაწყვეტია. (გაგრძელება იქნება)
კატეგორია - შემოქმედება
რჩეული თაობა
გვერდს სურს შეგახსენოთ, რომ თქვენ კითხულობთ 13 წლის ბიჭის თხზულებას, რომელიც არანაირ ასაკობრივ შეღავათებს არ საჭიროებს
ნიკა გაბუნია
თუნდაც... ( გაგრძელება)

წინდები გაიხდა და ფეხის თითები დაითვალა. -ამაზეც მადლობა! - ზევით აიხედა და ჩაიცინა. წინდები სწრაფად ჩაიცვა და „ჩუსტებში“ ჩაყო ფეხები. ცოტა ხანს კიდევ იცინიკოსა საკუთარ თავზე და თვლემა რომ მოერია, საწოლთან მივიდა. ქუდი მოიხადა და დააგდო. გადაიხარა ხატებისკენ და იმავე ქუდით გადაწმინდა თარო. ლოცვანი აიღო, მუხლებზე დავარდა და ამოუსუნთქებლივ გააბა. „ხორცი ჩემი იყოს პური თქვენისთან“ რომ მივიდა, თვალები ჯვარზე აიტანა და უკვე ზეპირად გააგრძელა. ბოლოს ადგა, ლოცვანს ემთხვია და თაროზე შემოდო. დილით ხმაურმა გამოაღვიძა. თავიდან ეგონა, რომ გუშინ სახურავზე დადებული თოვლი მოზვავდა, მაგრამ მალევე დაინახა ორი სილუეტი ფანჯარაში. სწრაფად წამოხტა, ჩაიცვა და სანადირო თოფს ეცა. ჩაიკუზა და ნელი, ფრთხილი ნაბიჯით მივიდა კართან. გარედან ისმოდა ჩუმი ლაპარაკი. წყნარად მიუახლოვდა კარს და ბოლოს სწრაფად გამოაღო. -სდექ! გესვრით! - დაუყვირა მოხუცმა ორ ახალგაზრდას. ბიჭებმა დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწიეს. ერთ-ერთმა წამოიწყო: -ნუ გვესვრი, მოხუცო, ცუდს არაფერს ვაპირებთ. რაიმე გვაჭამე და წავალთ. მოხუცვა ოდნავ მოჭუტა თვალები და ორივე აათვალ-ჩაათვალიერა. უმაქნისი სახეები ჰქონდათ, ქურთუკებქვეშ ზოლიან მაისურებში გამოწყობილნი ქურდები, ანდა მოძალადეები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მოხუცი მაინც ენდო მათ, სახლში შეუშვა და მოკრძალებული სუფრაც გაუშალათ. გახარებული იყო მოხუცი, რადგან პირველად სამი წლის განმავლობაში დაინახა ვიღაც, თოვლისა და ცეცხლის გარდა, და, უნებურად, გული გადაეხსნა. -უჰ, ბიჭებო, ვერ წარმოიდგენთ, როგორ შემეშინდა. ათასში ერთხელ თუ მოვა აქ ვინმე მგზავრი, ისიც მხოლოდ სულის მოსათქმელად. -კარგად მოწყობილiხრ, ბიძა,-- - ჩაიცინა ერთმა. - კარგად ცხოვრობ. ღიმილი მოჰგვარა იმ ხმამ, რომელიც ამოთქვა, მაგრამ რომელიც მისი საკუთარი aრ იყო. (გაგრძელება იქნება)
კატეგორია - შემოქმედება
რჩეული თაობა
გვერდს სურს შეგახსენოთ, რომ თქვენ კითხულობთ 13 წლის ბიჭის თხზულებას, რომელიც არანაირ ასაკობრივ შეღავათს არ საჭიროებს
ნიკა გაბუნია
თუნდაც...

ვის დააბრალებ უიღბლობას, შენს თავს? ღმერთს? ან, საერთოდ, რაზეა ის დამოკიდებული: ღმერთის განწყობა-ხასიათზე, თუ ჩვენს „კარგად მოქცევაზე“, როგორც ბავშვობაში გვმოძღვრავდნენ. კითხვას ვსვამ და თავადვე ვპასუხობ: ერთ ცივ-ცივ ადგილას, სახელადაც ციმბირში, ფეხებს თოვლით ითბობდა ერთი წვერებიანი მოხუცი. ჭამდა იმას, რითიც თბებოდა და თბებოდა იმით, რასაც ჭამდა. ბავშვობიდან ასწავლიდნენე: კვირაში ერთხელ ეკლესიაში იარე, ეზიარე, კვირაში ორჯერ მიარხულე -პური გექნება და წყალიო. მუხლებზე იდგა, ხატებს კოცნიდა, ლოცვებს სწავლობდა და „შენ ხარ ვენახს“ გალობდა. გამოიხედა საღამოთი გარეთ, ჩაისუნთქა, ზემოთ აიხედა და წვერებიდან თოვლი მოიშორა. ადრე გაკეთებულ და ასევე დარჩენილ თოვლის პაპას შეხედა, თითქოს სარკეში ჩაიხედა: ისეთივე თეთრი, როგორც თავისი ჭაღარა, ისეთივე ბებერი, როგორც მისი გული და ისეთივე დაშლილი, როგორც მისი მოთმინების ფიალა. შეშა იღლიაში ამოიჩარა და უშანკა მოიხადა: - მადლობა ყველაფრისათვის, რაც მაქვს და რაც მქონია, ღმერთო, და რაიმე თუ მექნება კიდევ , შენი გადასაწყვეტია, - ეს სიტყვები დილის ვარჯიშივით გასჯდომოდა თავში, პაპამისმა როგორცა თქვა ეს ერთხელ და მას შემდეგ არ დავიწყებია. სახლში შევიდა, შეშა პატარა ბუხარში შეაგდო და ცეცხლი წაუკიდა. ჭრაჭუნა სავარძელი და პატარა კოცონი რომ არა დღის ბოლოს, კაი ხანია, გააფრანდა.მარტო კოცონისგან ესმოდა ის, რისი გაგონებაც უნდოდა. არად ეს მისი უკან დაბრუნებული ხმა იყო. ჩამოჯდა და დღის საქმეების დაჯამება დაიწყო, მაგრამ დასაწყისშივე, როგორც ყოველთვის თემას სცვლიდა: დღეს რა მოხდა? იგივე, რაც გუშინ? რაც მოხდება ხვალ? მაგრამ რა გამოვიტანეთ ამ იგივეობისგან? დიახ, იგივე, რაც გამოვიტანეთ გუშინ. როგორ უნდა ვიმსჯელო კარგზე, თუ არ ვიცი, რას შევადარო? არც ის ვიცი, კარგად ვარ თუ ცუდად, მიტომ რომ მინახავს ადამიანი, რომელიც ჩემზე ცუდადაა, ან ჩემზე კარგად... ხომ გესმის?- ეკითხებოდა ვიღაცას. უპასუხოდ დარჩენილმა ღრმად ჩანსუნთქა და თავის საყვარელ შორისდებულ „მდაააში“ ამოისუნთქა. (გაგრძელება იქნება)
კატეგორია - შემოქმედება
„ნამდვილი“ გიწვევთ დისკუსიაზე
***თანამედროვე ნაღდი ესე წიგნის კითხვა - რომელსაც გადავეჩვიეთ...
და პასუხები კითხვებზე: ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის ნესტანი და დარეჯანი, ლეონარდო და ვინჩი...
ეკა ფხალაძე
წიგნის გამო ნაფიქრ-ნათქვამი (ამონარიდები)

ვიდრე თქვენამდე სიტყვას მოვახმიან-მოვაკალმიანებდი, ოთარ ჩხეიძის „მკითხველი“ ბარე ორ-სამჯერ გადავიკითხე: „კითხვა ხელოვნებაა, მკითხველიც ხელოვანია, ხოლო ხელოვნებას ბევრი რამ უნდა, ძალიან ბევრი, დრო უნდა ბევრი, სხვა თუ არაფერი, უნდა, აგრეთვე, ღვთაებრივი მადლი, პირველ ყოვლისა, ღვთაებრივი მირონი. ნიჭი უნდა, ერთი სიტყვით - ნიჭი გამორჩეული, მწერლობის დონეს რომ განსაზღვრავს, თავისი ხალხის მწერლობისა...“ ჟურნალთანმხლებმა ახლადგამოცემულმა სერიებმა გააახლა და, სიმართლეს გაუმარჯოს, გაამძაფრა წიგნის ყიდვის ჟინი. კითხვის სურვილი? მეტ-ნაკლებად! სამწუხაროზე სამწუხაროა, რომ სასკოლო-საგანმანათლებლო პროგრამითა და რეჟიმით გათვალისწინებულიც რომ აღარ თუ ვეღარ ინარჩუნებს საშუალო დონის განათლების სიმაღლეს... აღარ ღირს ლაპარაკი, ცნობილ მწერალთაგან ვინ რა პროფესიის იყო, ვინ სად დაიბადა, ან სად არის დაკრძალული...სამწუხარო ისაა, კითხვაზე: რომელ საუკუნეში მეფობდა რუსთაველი - არავინ რომ გაიოცებს და შთაგონებული სახით დაფიქრდება...ან კურიოზულ პასუხს გაგცემს, თუ ვინ იყვნენ ერთმანეთის ნესტანი და დარეჯანი, ლეონარდო და ვინჩი ... ალბათ, სჯობდა, აქვე, თქვენთან ერთად, ერთი „მისალოცის“ აზრი მაინც გაგვეგო... შენ, იდუმლად რომ იღიმები, სიტყვა „მისალოცი“ გეცნო? კი, კი, სკოლაში რომ მოთხრობა წაგიკითხავს, თუ გისწავლია, გურამ დოჩანაშვილის აზრი გაგიზიარებია... არა? მაშ, არ მოგწონს „კარცერ-ლუქსის“ იდეა? რასაც გაძალებენ, უფრო სურვილი გეკარგება მისი კეთების? გასაგებია. დამსწრე ახალგაზრდობამ აზრი „შორს დაიჭირა“, რა შუაშია აქ კომპიუტერიო?... ერთმა თავი დახარა და თავისთვის ჩაიბუტბუტა: ისე, კომპიუტერი რომ არა, რა უნდა მეკეთებინა, ალბათ, რამდენ წიგნს წავიკითხავდიო...მაინც არ მეთანხმები? აჰა, ისეთებიც არიან სანაცნობოში, ვინც კომპიუტერსაც ერთგულობს და წიგნის კითხვასაც ასწრებს?.. თუ ძალიან გაჭირდა, ელექტრონული ბიბლიოთეკაც იქვეა?... ნუთუ მართალი ხარ? დაიღალე ჩემთან ლაპარაკით? უფრო - მოსმენით?! მაგრამ შენ ხომ გამუდმებით უსმენ მუსიკას ქუჩაში, ხმაურში... ამასღა ვიტყვი: ნეტავ მაშინ, როცა შენ იქნები წინმავალი, რა თემაზე ლაპარაკით მოაბეზრებ შვილებს თავს - რას დაუწუნებ, რას ურჩევ, საით მიუბრუნებ თვალთახედვას? უფალმა დაგილოცოს გზა-კვალი! უსმინე შენს რჩეულ, მოდურ მელოდიას, მაგრამ ცალ ყურს მაინც ნუ დაიხშობ ყურსასმენით...
კატეგორია - შემოქმედება
***ამ რამდენიმე დღის წინ „ტელე-იმედის“ გადაცემა
„გია ჯაჯანიძის შოუში“ მიწვეული იყო ძალიან საინტერესო მეცნიერი და მკვლევარი
გია კვაშილავა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით გთავაზობთ სტატიას, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „გზაში“ და რომელიც, ვფიქრობთ, უფრო ახლოს გაგაცნობთ ძველი ქართული ცივილიზაციის მკვლევარს.
------------------ ღვთის საჩუქარი, ანუ მათემატიკური ფორმულებიდან „დიდი დედის“,ნანას საგალობლამდე მარინა გოგოლაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის (ხელმძღვანელი აკად. თამაზ გამყრელიძე)

ერთ მოკრძალებულ ოთახში დღის მეორე ნახევარში ყოველთვის დაგხვდებათ ახალგაზრდა მეცნიერი გია კვაშილავა, რომელიც დღის პირველ ნახევარს თავისი ბავშვობის ოცნების განხორციელებას უთმობს, მათემატიკას ასწავლის თბილისის კერძო სკოლა „ოქროს აკვნის“ მოსწავლეებს. „ყოველთვის მინდოდა, მათემეტიკის მასწავლებელი ვყოფილიყავი და ეს სურვილი ჯერ კიდევ პირველ კლასში განვაცხადე, მარტვილის რაიონის სოფელ კურზუს საშუალო სკოლაში შესვლის პირველსავე დღეს. ამიტომ როგორი სამეცნიერო მუშაობითაც უნდა ვიყო დაკავებული, პედაგოგობას ვერასოდეს შეველევი“, - ამბობს მეცნიერი. ცოტა არ იყოს, საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ პირველკლასელის ეს სურვილი განსაკუთრებულ ნიჭად გამოვლინდა მათემატიკის შესწავლის პროცესში და მეშვიდე კლასიდან იმედისმომცემი პატარა მათემატიკოსი გადაიყვანეს ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, სადაც მათემატიკას არაჩვეულებრივი პროფესიონალი და გონებაგახსნილი პედაგოგი, ვახტანგ ჯავახაძე ასწავლიდა. მან იცოდა, აგრეთვე, ლათინური, ბერძნული, ინგლისური, ჩინური ენები და ფინიკიური დამწერლობაც კი. მოსწავლეები ღრმად რომ ჩასწვდომოდნენ მათემატიკის არსს, ამ ენათა დამწერლობის ნიშნების შესწავლას ავალებდა მათ. ცხადია, დამწერლობის ნიშნებს სხვა მოსწავლეებიც სწავლობდნენ, მაგრამ მათ შორის მხოლოდ გიას მოუვიდა აზრად, სამი ენა ერთმანეთისთვის შეედარებინა და მარტო შეეჭიდა კიდეც ამ საინტერესო საქმეს. აკვირდებოდა გეომეტრიული ფიგურებით გამოსახულ ასო-ნიშნებს და ფიქრობდა, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ყველა ამ ნიშნის საწყისი აღნიშვნა. -„კვლევის პროცესში ებრაული და არაბული დამწერლობის ნიშნებიც შევისწავლე და საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ებრაული, არაბული და ბერძნული ანბანი ფინიკიურიდან მომდინარეობს.ჩემი აღმოჩენით ისე აღვფრთოვანდი, მეგონა სამყაროს ჭიპს მივაგენი, ის კი არ ვიცოდი, რომ ეს უკვე აღმოჩენილი იყო,“- აშკარად კარგი იუმორის გრძნობით ხუმრობს ახალგაზრდა მეცნიერი. 1989 წლის 13 დეკემბერს ჯერ კიდევ მე-11 კლასელი, მომავალი მეცნიერი გაზეთ „სახალხო განათლებაში“ წააწყდა ნინო კიღურაძის წერილს, ფესტოსის დისკოს სავარაუდო წაკითხვის შესახებ, რომლის მცდელობა ჰქონდა ავსტრიელ ინჟინერს, ჰერბეტ ცებიშს. გია კვაშილავას ყურადღება მიიპყრო სტატიაში განხილულმა ბუდაპეშტის ეირენეს საერთაშორისო კონგრესმა, რომელიც 1988 წელს გაიმართა და რომელზეც ცებიშმა თავისი კვლევა წარადგინა. აქვე შეიტყო, რომ მეცნიერს ფესტოსის დისკოს გაშიფვრაში ჩაურთავს ქართველური ენები. ამ კონგრესს ესწრებოდნენ ქართველი მეცნიერები: აკადემიკოსი გურამ ლორთქიფანიძე, პროფესორები ვახტანგ ჯაფარიძე და ნელი მახარაძე. გია კვაშილავა იმდენად დაინტერსდა ამ ფაქტით, რომ ძიებამ აღმოაჩენინა ცებიშის წიგნი, „იბერიული - ღმერთების ენა“. გაარკვია, აგრეთვე, რომ ინგლისელმა არქეოლოგმა, სერ არტურ ევანსმა 1894 წელს გადაწყვიტა, საბერძნეთში შეხვედროდა გერმანელ არქეოლოგ შლიმანს, რომელიც იქ არქეოლოგიურ კვლევებს აწარმოებდა და გაემართა მიკენის დასახლებისკენ (ბერძნების I ქალაქი, ჰომეროსამდე 700 წლით ადრე), სადაც გათხრები მიმდინარეობდა. აქ ევანსმა შემთხვევით ჯოხი წაჰკრა ქვებს შორის მოქცეულ პატარა ქვას, რომელიც აღმოჩნდა გემმა (ბეჭედი) რვაფეხას ამოტვიფრული ნიშნით. ევანსი მიხვდა, რომ ეს არ იყო ადგილობრივი, ბერძნული ნიშანი და მისი წარმოშობის მისაკვლევად ამოირჩია კუნძულ კრეტის, კნოსოსის დასახლება. ადგილობრივი ბერძნისგან შეიძინა ის ადგილი, სადაც, მისი ვარაუდით, კნონოსის სასახლე უნდა მდგარიყო და, მართლაც, იქ აღმოაჩინა მეფე მინოსის ქვის ტახტი, რომლის ხის სიმბოლური ასლი, როგორც სამართლიანობის სიმბოლო, დაამზადეს და რომელზეც დღეს ზის პრეზიდენტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში. ევანსმა თქვა: „მე ვიპოვე ცივილიზაცია, რომელიც არც ბერძნულია და არც რომაული“. 1900 წელს ევანსმა აწარმოა არქეოლოგიური კვლევები კრეტის კუნძულზე აღმოჩენილ კნონოსის სასახლეში და მიაკვლია თიხის ფირფიტების არქივს სამეურნეო-ადმინისტრაციული ხასიათის ჩანაწერებით. მეცნიერი ყველაზე მეტად სწორედ ამ ფირფიტებით დაინტერსდა, აწარმოა მათი კლასიფიკაციაც და დაასკვნა, რომ უფრო ძველი, A კლასის ხაზოვანი დამწერლობა, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა ძველი წელთაღრიცხვით 1400–1450 წლებში, შედარებით ახალი, B კლასის ხაზოვანი კი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1450–1100 წლებში... 1941 წელს ევანსი გარდაიცვალა და, როგორც გია კვაშილავა აღნიშნავს, მასში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აღსასრულის ჟამს ევანსს ინტენსიური სიცხადით ელანდებოდა მინოსელები... შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და აღარავის ეცალა კრეტისა და მინოსელებისათვის... პარალელურად ძლიერდებოდა გია კვაშილავას ინტერესი ლინგვისტიკაში. მე-5 კურსზე პროფესორმა მიხეილ ჭიჭინაძემ წაუკითხა საგანი „მათემატიკის დაფუძნება, ფილოსოფია და ისტორია“. მის ლექციებს ორი ძირითადი დანიშნულება ჰქონდა: ერთი მხრივ, მომავალ მეცნიერს ღრმად უნდა სცოდნოდა საკუთარი დარგის ისტორია, ხოლო, მეორე მხრივ, მას უნდა შექმნოდა ცოდნის ფართო დიაპაზონი და მაღალი მეცნიერული ერუდუცია. როგორც ჩანს, ლექტორმა შეამჩნია სტუდენტის განსაკუთრებული ნიჭი, რადგანაც აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილს უთხრა: „გია კვაშილავას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ბერძნულ ენაზე დაწერილი „ევკლიდეს გეომეტრია“ დაამუშაოსო. გიამ მოიძია შესაბამისი ლექსიკონი და თუმცა აქ ამოკითხულმა მათემატიკურმა ტერმინებმა, ცოტა არ იყოს, შეაკრთო, მაინც არ დანებდა, სამუშაოს ექვს თვეში მოერია და ნაშრომი კათედრაზე წარადგინა. კათედრის წევრებმა ცალსახად მოიწონეს ნაშრომი, მხოლოდ გიორგი ჭოღოშვილი დუმდა, შემდეგ რატომღაც მესამე პირში განაცხადა: „გია კვაშილავა ამ მიღწევით არ უნდა დაკმაყოფილდეს. ახლა აიღოს ჰოლანდიელი მეცნიერის, ვანდერ ვარდენის წიგნი „ძველი ეგვიპტური, ბაბილონური და ბერძნული მათემატიკა“ და დაამუშაოსო.“ სამუშაო თემად არჩეული ჰქონდა ძველი წელთაღრიცხვის XVII საუკუნეში ქურუმის მიერ პაპირუსზე დაწერილი ეგვიპტური მათემატიკური ტექსტის კვლევა პირამიდის ფართობისა და მოცულობის შესახებ. მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში მითითებული წიგნის რუსული თარგმანი მოიპოვა. ასე შეისწავლა მომავალმა მეცნიერმა ერთდროულად ეგვიპტური იეროგლიფური და ბაბილონური ლურსმული დამწერლობები. სტუდენტობის შემდეგ გია კვაშილავას მოღვაწეობის მომავალი გზა, ფაქტობრივად, უკვე გამოიკვეთა. მეცნიერების დიდ სამყაროში კარის შესახსნელად ასპირანტურის კურსის გავლა იყო საჭირო. -„ისეთი დიდი იყო ინტერესი, რომ აღარაფერი მახსოვდა, ამ საქმის გარდა. როგორც კი დავამუშავე ეს თემა, ასპირანტურაში გამოცდა ჩავაბარე და 1996 წელს სამეცნიერო კვლევების გასაგრძელებლად მოსკოვში გავემგზავრე... 1998 გარდაიცვალა გიორგი ჭოღოშვილი, ხოლო 2000 წელს – ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი, აკადემიკოსი თენგიზ ბურჭულაძე. ამავე პერიოდში გარდამეცვალა მამაც. ასე, რომ დავრჩი უხელმძღვანელოდ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. სტრესი იმდენად დიდი იყო, რომ 2-3 წლის განმავლობაში ვეღარაფერი გავაკეთე. 2003 წლიდან, როდესაც დრომ ოდნავ მიაყუჩა ტკივილები, ახალგაზრდა მეცნიერმა თავის ჩანაწერებს გადახედა. ათვალიერებდა დამწერლობის ნიშნებს, ერთმანეთს ადარებდა შუმერულ და ეგვიპტურ წერით ნიშნებს და მიხვდა, რომ შეეძლო, ფესტოსის დისკოს წარწერების ამოკითხვა. -„შესწავლა დავიწყე B კლასის ხაზოვანი მარცვლოვანი დამწერლობით. ერთმანეთს შევადარე A და B კლასის ხაზოვანი სილაბოგრამები, შემდეგ ეს ნიშნები შევადარე ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშნებს.გამოვთქვი მოსაზრება, რომ ფესტოსის დისკოზე იყო მარცვლოვან-სიტყვთი ტიპის დამწერლობა. 2006 წლის 25 დეკემბერს თსუ-ს სამეცნიერო წრეს შევთავაზე ფესტოსის დისკოს წარწერის ამოკითხვის შედეგები, რომლის კვლევისას, ძირითადად, ვეყრდნობოდი ჩვენი დიდი მეცნიერების - თამაზ გამყრელიძისა და გივი მაჭავარიანის 1965 წელს გამოცემულ აკადემიურ წიგნს, „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“. საქმეში ჩაუხედავი ადამიანები ფიქრობენ, რომ თითქოს თანამედროვე მეგრულ ენაზე დაყრდნობით ვაწარმოებ კვლევებს, რაც აბსოლუტურად მოკლებულია მეცნიერულ საფუძველს, რადგან ლინგვისტიკა, როგორც ზუსტი მეცნიერება, კვლევის დროს უპირატესობას ანიჭებს ქართველურ ენათა და დიალექტთა ლექსიკური ერთეულების შედარების პრინციპს და მე, როგორც მეცნიერი, კვლევის პროცესში ვეყრდნობი ლინგვისტურ კანონზომიერებებს. დროის იმ მონაკვეთში, რომელსაც მე ვიკვლევ, საერთო ქართველური ენა დაყოფილი არ იყო სხვადასხვა დიალექტად. იმ პერიოდში იყო მხოლოდ საერთო ქართველური ენა და ამ ენაზე მეტყველებდა ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთში მოსახლე კავკასიური (იგივე ქართველური) მოდგმა. ამ ენაზეა დაწერილი ფესტოსის დისკოსა და A კლასის ხაზოვანი წარწერები. ჩემი ვარაუდით, საერთო ქართველური ენა დაიშალა მოგვიანებით. ამ კონკრეტულ მოსაზრებასაც კვლევა სჭირდება...“ A კლასის ხაზოვანი დამწერლობით შესრულებული ტექსტების კვლევის პროცესში გია კვაშილავამ ფესტოსის დისკოს წარწერაც გაშიფრა. ეს წარწერა „დიდი დედის“, ქალღვთაების, ნანასადმი (იგივეა, რაც ფასიანე, რეა-კიბელე, ინანა, იზიდა, იშთარი, აფროდიტე, ვენერა) მიძღვნილი სავედრებელ-საგალობელია, რომლის ავტორად გია კვაშილავა მოიაზრებს რეა-კიბელეს ქურუმებს, კორიბანტებს. საინტერესოა ისიც, რომ კორიბანტები ფლობდნენ საიდუმლო დამწერლობას, რომლის საბეჭდი „მატრიცები“ ოქროსი იყო და რომელსაც ბერძნული წყარო „ხრისოგრაფიას“ („ოქრომწერლობას“), ანუ ოქროთი წერას უწოდებს. დღეს გია კვაშილავა, გარდა იმისა, რომ დაკავებულია აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობით, ცალკე ნაშრომებად აქვეყნებს თავის კვლევებს A კლასის ხაზოვანი ტექსტების შესახებ, რომელიც უამრავია... - „სანამ ამ ცალკეულ ნაშრომებს ერთად მოვუყრიდე თავს ერთ წიგნში, ჩემმა შრომამ ერთ უტყუარ დასკვნამდე მიმიყვანა: დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ „ენა ადამიანისთვის ღვთის საჩუქარია“, - ამბობს მეცნიერი. პოსტის რეკლამირება 24 people reached
კატეგორია - შემოქმედება
„ნამდვილის“ ნამდვილი აღმოჩენა,
პატარა, მაგრამ უკვე სერიოზული მწერალი,
ნიკა გაბუნია, მალე შავი ქამრის მფლობელი გახდება კარატეში. გულითადად ვულოცავთ ნიკას, ხოლო მის მკითხველს ვთავაზობთ ნიკას მორიგ ნოველას.
ნიკა გაბუნია
როცა გძინავს, ანუ უიღბლო იღბლიანი

როგორც მახსოვს, სახლში გვიან ღამით დაბრუნება არ მიწევდა, მაგრამ ერთი უხერხულობა მაინც იყო. დეკემბერი იდგა და მალე მალე ბნელდებოდა. 7-8 საათისთვის უკვე ზანგებსაც კი ვეღარ გაარჩევდი, ისეთი უკუნეთი იდგა. მეგობრის დაბადების დღიდან ვბრუნდებოდი, თავი მალევიჩის შუა კვადრტში მეგონა. მივდიოდი და ისეთი ხმები მესმოდა, რომ, ჩემს ცხოვრებაში პირველად, ქეიფი ვინანე. დაპატარავებული სპორტული შარვალი მაბამდა, ამიტომ ცოტა ფეხებგაშლილი დავდიოდი, მაგრამ თუ ვინმე ასეთ პოზაში დამინახავდა, გამერიდებოდა, რადგან სხვა რამე ეგონებოდა, და იტყოდა: „თუ ვერ ითმენ ხოლმე, შვილო, პამპერსი იყიდე, გრეხი არაა!“ მაგრამ არა მგონია, პამპერსს ეშველა, აქ „ბრონიჟილეტიც“ კი საიმედო არ არის. ჯიბეებში ხელებჩაწყობილს. ოფლი ნიაგარას ჩანჩქერივით ჩამდიოდა თავიდან კისერში. ქუჩაში კაციშვილი არ იყო, ძაღლების გარდა ( ძაღლები იმიტომ გამოვყავი, რომ ეგენიც კაცის შვილები არიან, თუნდაც 21-ე საუკუნეში, აიფონებისა და ნინძლავის მონების თაობების ეპოქაში), მაგრამ მათი თანდასწრება არ მაიმედებდა. ცალკე სიბნელისა და დრაკულების მეშინოდა, ცალკე - დედაჩემის, რადგან ტელეფონი დავკარგე ( ტელეფონი რა!.. მაგას ტელეფონს ვერ დაარქმევ, რადგან ლაპარაკი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმინება, და როცა ვრეკავ, თითქოს მორზეს ანბანზე ვკრეფავ ციფრებს) და მისგან დატატანება არ ამცდებოდა. მალე ასფალტი გამოჩნდა. გამიხარდა, იმიტომ რომ ტალახში სიარულისას, კინაღამ ჩავიძირე. ახლა კი განათების ბოძებთან აღმოვჩნდი. კარგია, ვინმე ან რამე რომ არის ჩემს გვერდით! მივაბიჯებდი, პირდაპირი გაგებით. მთელი ჩემი გასაჭირი სულ ამ „პატრონაფეთქებული“ მეორადების ბრალია. ეს რა არის?! „რეიტუზი“ კი ჰქვია, ანუ სპორტული შარვალი, მაგრამ შარვალს კი არა, წამების იარაღს უფრო ჰგავს. უცებ ნაბიჯის ხმა მომესმა. შევცბი და თავდაცვის ვარიანტები გადავარჩიე. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ უნდა დამენახა ეს ადამიანი. გამახსენდა თასმების შეკვრის იმიტაცია. გავჩერდი და გვერდულად ჩავიკუზე. ვაი, ჩემს თავს - ჩემი რუსულის მასწავლებელი, კარპოვი! გულწრფელად გეტყვით, ახლა კარპოვთან შეხვედრას ისევ მანიაკი მერჩია. მანიაკი გაწამებს და მოგკლავს. ეს სულთამხუთავი კიდევ გაწვალებს და გაწვალებს, გაწვალებს და გაწვალებს. და თუ შემთხვევით მოვკვდი, ისიც თავს მოიკლავს და საიქიოში ისევ ჩემს წამებას გააგრძელებს. სხვა რა გზა მქონდა, ავდექი და ტრადიციულად მივესალმე: -ზდრასტვუიტე, ნიკალაი მიხაილავიშ! -ვახ, შე ოროსანო! - მითხრა ძირეული რუსული აქცენტით.- შემი სახელის გამოტკმაც არ შეგიდზლია ! მან სახე დამანჭა და ჩამიარა. -უი მეე, ხრუშჩოვის შთამომავალო! - ჩავიჩურჩულე და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ თასმები არ მქონია. გავაგრძელე გზა. ძირს ვიყურებოდი და ვფიქრობდი. ფიქრის ბინდიდან ისევ ნაბიჯების ხმამ გამომიყვანა. სწრაფი ნაბიჯები იყო, მორბოდა ვიღაც. მე გავინაბე, კუნთები დავჭიმე, სახე დავმანჭე და მოვემზადე. - მოდი აქ!- თქვა ვიღაცამ ჩემს უკან. გავიჭინთეეე და მოახლოებას მოვუცადე. ახლოს გაისმა ფეხის ხმა. ბიჭმა ჩამირბინა და წინ გაიქცა. კიდევ ნაბიჯები! ისევ ბიჭი, მხოლოდ დანით ხელში! ავკანკალდი, ოფლმა დამასხა დააა... ამანაც ჩამიარა. უცებ მივხვდი, რომ წინ გაქცეულს მისდევდა და დავუძახე : -რატომ მისდევ? გაბრაზებულმა შემომხედა, ჰაერი შეისუნთქა და ხრინწიანი ხმით თქვა - დაჭერობანას ვთამაშობთ. დავიჭერ - დაერხა, ვერ დავიჭერ - დამერხა! ჩამომიტოვა. -აა! კაი! შიშმა ჩაიარა, ადრენალინი დარჩა, ყელს მიშრობდა. დავინახე გოგო, ისეთივე ფეთიანი, როგორიც მე ვიყავი რამდენიმე წუთის წინ. აღარაფრის მეშინოდა და გახუმრება ვცადე: ჩანთა ხელში მოვიგდე, ტელეფონი ამოვიღე ქურთუკის ჯიბიდან და ვთქვი: -ბალაკლავა, ბალაკლავა. ტვირთი დანიშნულების ადგილზეა. ველოდებით მწვანე აფთარს. გოგონა შიშისგან ახტა, შემომხედა და ნაბიჯს უმატა. მე ყურებზე ქუდი ავიკეცე, „ლენოჩკები“ გავიკეთე და ხელი უკანა ჯიბისკენ ხელი წავიღე. ვითომ იარაღი ამოვიღე, თითები დავუმიზნე და ვიყვირე: -ბუმ! გოგო დატყდა, კვნესა-კვნესით მირბოდა. უცებ გონება გამინათდა, ტელეფონი ხომ დაკარგული მეგონა! ნამუსმა დამაბიჯა. გოგოს ძლივს დავეწიე და ბოდიში მოვუხადე. ის სიცილით კინაღამ გადაიხია. ამის მერე მე და ის გოგო ღამით მოსიარულე ხალხს ერთად ვაშინებთ სათამაშო კამიკაძეს ქამრებით.
კატეგორია - შემოქმედება
***„ნამდვილის “ მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილი ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი-
ნიკა გაბუნია- გვთავაზობს თავის მორიგ მოთხრობას
მ ე ტ ა მ ო რ ფ ო ზ ა

დავიბადე თუ არა, ასეთ ღონისძიებებს მიჩვეული მამაჩემი ღრმად ჩაეშვა ჭვავისა და სვიის სპირტის 27%-იან მოგზაურობაში და დაივიწყა მთელი თავისი ოჯახი ოთხი შვილის, სიდედრისა და ცოლისძმის ჩათვლით. როგორც ხვდებით, ცხოვრების პირველსავე წუთებიდან არსებითი მნიშვნელობა არ გამაჩნდა ოჯახში. ადრიდანვე გამოკვეთილ ჩემს სხვადასხვა ნიჭს მშობლები ისე ამჩნევდნენ, როგორც შავ ცხვარს ღამეში. მამაჩემი...რა ვთქვა... მე მას ხშირად ვეძახდი ჰაიზენბერგს ( ფაშისტ ბირთვულ ქიმიკოსს), რადგან უყვარდა სასმელების ერთმანეთში გარევა. ჰაიზენბერგს იმადაც ვეძახდი, რომ მისსა და მამაჩემის ექსპერიმენტებს მხოლოდ და მხოლოდ ქაოსი და ანარქია მოჰყვებოდა ხოლმე. დედა... სხვებისთვის ეს სიტყვა, ეგებ, თბილ, ერთგულ, მხარდამჭერ და კეთილ ადამიანთან ასოცირდებოდეს, რომელიც ყოველთვის მზადაა შვილის დასახმარებლად, ჩემთვის კი აფერისტობის, ღალატისა და სისასტიკის სინონიმი გახლდათ. მამის არყოფნისას სულ „მარცხნივ“ მიდიოდა. დანარჩენს ვერ გეტყვით, მრცხვენია. სკოლაშიც კლასელები პატივს არ მცემდნენ, მეტიც, მჩაგრავდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებზე მეტი ნაკლი მქონდა. მერე მეც ისე გავიზარდე, როგორც საერთოდ იზრდებიან ბავშვები, მაგრამ ჩემს მიმართ დამოკიდებულება ბორჯღალოსავით უსასრულობაში გადადიოდა. საზოგადოებაში მამცირებდნენ და მოურიდებლად მირტყამდნენ. მშობლები პირველად ცუდი ნიშნების გამო დამელაპარაკნენ. დაუკვირდით, როცა ორი წლის ასაკში ენა ამოვიდგი, მაშინ არ დამლაპარაკებიან და ჩემი ცუდი ნიშნების მერე კი, იცოცხლეთ, თავი არ დაუზოგავთ. -რატომ არ სწავლობ? - იკითხა მამამ. - არავინ მასწავლის. -როგორ არავინ? - მიმოიხედა.- აი, შენ ასწავლი, - თითი გაიშვირა დედისკენ. - მე კი წავედი. დედას ლაპარაკიც ეზარებოდა, მაგრამ იოტისოდენა მშობლიურმა ინსტიქტმა რაღაცნაირად გაურბინა ტვინის რომელიღაც ხვეულში: - უნდა ისწავლო, ბიჭო! რა გამოხვალ, მეეზოვე?! -მე გთხოვე, მაგრამ... -მოცლილი გგონივარ?- გაბრუნდა და წავიდა. მეორე დღეს სკოლაში მიმავალმა დავინახე ძაღლი. მე ჩამოვჯექი. ის მოვიდა და ჩემს წინ მეგობრულად დაყუნცდა. ჩემი პური დავუგდე და ჩვენ საბოლოოდ დავმეგობრდით. ამის შემდეგ ის ერთადერთი იყო ჩემს ნაცნობებს შორის, ვინც არ დამცინოდა და ჩემს ბედს თავისებურად „იზიარებდა“- სკოლამდე მიმყვებოდა ყოველდღე. ერთხელ, ჩემმა „მეგობრებმა“ შეიტყვეს ჩემი ერთადერთი ნამდვილი მეგობრის არსებობის შესახებ და სიცილი წასკდათ. „შემ ისიც გყოფნიდა, დებილი რომ იყავი, ახლა კი ტილიანიც ხარ“,- დამცინოდნენ (არა და ძაღლი ჯიშიანი იყო), პანღურებს მირტყამდნენ, პურს ძირს მიგდებდნენ, ჭამეო. მეპყრობოდნენ, როგორც ბალაგანის ჯამბაზს. სნობებიც აჰყვნენ და ახლა მთელი სკოლა გამცინოდა. მეწყინა, გავნადგურდი, დავყარე ყველაფერი და გავიქეცი. ვტიროდი და მთელი სისწრაფით გავრბოდი.. ვიპოვე ჩემი ძაღლი, ნავში ჩავსვი და მტკვარში გავცურე. მშობლებამდე ამბავი მალე მივიდა. „პიანიცამ“ და აფერისტკამ“ გაიხსენეს თავიანთი პირმშო, მისი ძაღლი და ხელები გაშალეს: „ნეტა რატომო?“ ერთ- ერთ გაზეთში კი დაიწერა: „ფრთხილად, ქალაქში ცოფიანი ბიჭი დადის“.
კატეგორია - შემოქმედება
„ჭაშნიკი!“ - ასეთი რუბრიკის ქვეშ გვსურს, შემოგთავაზოთ იმ ახალგაზრდათა შემოქმედება, რომელნიც პირველ კალამს სცდიან. ამიტომ მკითხველი, ცხადია, მკაცრი და მეტისმეტად მომთხოვნი არ უნდა იყოს მათ მიმართ. გაგახსენებთ, აგრეთვე,, რომ ძალიან ბევრი დიდი მწერლის პირველი ნაბიჯი ხშირად საზოგადოების მიერ სათანადოდ ვერ შეფასდა, რაც მოგვიანებით დრომ დაადასტურა...
*** მაშ, ასე, იცნობდეთ, დათო კახაძე, ჩანახატით
ს უ ლ ი ს კ ი ვ ი ლ ი

ერთი ჩვეულებრივი ღამე. ყველას სძინავს. არის ერთი, რომლის ძილსაც ძილი არ ეთქმის. რაღაც ხუთწამიანი სიზმარი მთელ საუკუნედ გადაიჭიმა. მის სხეულში თითქოს მოხეტიალე სული ჩასახლდა. გონება სადღაც, სხეულისგან ძალიან შორს, დაფრინავს. გული გამალებით უცემს, თითქოს რამდენიმე წამი დარჩენია გასკდომამდე.მის გულში დიდი ტკივილის ცეცხლი მძვინვარებს, შფოთავს,ვერ ისვენებს. ხედავს, რომ საყვარელი ადამიანი ხელიდან ეცლება, მაგრამ ვერაფერს აკეთებს მის დასახმარებლად. ხედავს, როგორ მიჰყავთ სამუდამო სახლამდე და თან მიაქვთ მისი დიდი სიყვარული. უნდა, მიუახლოვდეს, მაგრამ რაღაც აკავებს და შეუძლებელს ხდის, უკანასკნელად შეეხოს მას, ვისთვისაც ცხოვრობს, ვისთვისაც სუნთქავს და არსებობს. გაშეშებული უცქერის შორიდან, როგორ ეცლება ხელიდან ცხოვრების აზრი და თან მიაქვს მისი სულიც. ცურავს ყველაზე მწარე და მტკივნეული ცრემლის მორევში. სიჩუმე ბობოქრობს. ხვდება, რომ ვეღარასოდს შეხვდება მას, ვისთვისაც არსებობდა ამ სამყაროში. თითქოს ბუნებაც უთანაგრძნობს: ფოთლები ჭკნებიან, მათ ქარი ფანტავს. შავ ღრუბლებში გახვეული ცა თითქოს მასავით მწარე ცრემლით ტირის. გარშემო სიჩუმეა, თითქოს ყველაფერი გაჩერდა და მის უმოქმედობას შეჰყურებს. მუხლებზე ეცემა და ხედავს წყლის ზედაპირზე არეკლილ თავის დამახინჯებულ, უსიცოცხლო სულს, რომელიც ნელ-ნელა მიჰყვება თან თავის დიდ სიყვარულს. ხედავს სიკვდილს, რომელიც მისი მკვლელიცაა. შინაგანად გრძნობს დიდ სიცარიელეს. უეცრად ყველაფერს ანგრევს მტკივნეული სიჩუმის ღრიალი. მისი სხეული კანკალებს და ცივი ოფლით იყინება. მაგრად მოხუჭული თვალებიდან ცრემლი ჩანჩქერივით გადმოდის. თავის დაღწევას ცდილობს უსასრულოდ გაჭიმული სიზმრიდან, ცდილობს, წერტილი დაუსვას ამ ყველაფერს, რადგან სული კივის და ხორცი სიცივით ეყინება. გამთენიისას კანკალითა და კბილების კაწკაწით გამოეღვიძა. თვალები გაახილა. ბუნდოვნად მიხვდა, რომ ეს სიზმარი იყო და კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან. სასწრაფოდ აიღო ტელეფონი და ტექსტური შეტყობინების წერას შეუდგა. ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა გაცნობიერებული და წარმოსახვის მორევში ჩაძირულიყო კვლავ, ისევ სისხლნარევი ცრემლით წერდა. სწერდა მას, რომ უყვარდა და სიცოცხლის ბოლომდე მასთან იქნებოდა, ხელს არასოდეს გაუშვებდა და მის გარეშე არასოდეს, არასოდეს იცხოვრებდა. ამასობაში საბოლოოდ გააცნობიერა, რომ ეს კოშმარული სიზმარი იყო და თავის დიდ სიყვარულს ტკბილად ეძინა. საბოლოოდ დამშვიდდა, გონება გადაეწმინდა, გული ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, სული აღარ კიოდა. ძალიან, ძალიან უნდოდა, ჩახუტებოდა, ძლიერად ჩაეკრა გულში, მაგრამ ასობით კილომეტრი აშორებდა მას...
კატეგორია - შემოქმედება
* * * მამები და შვილები - მარადიულად აქტუალური და გადაუწყვეტელი თემა თავსატეხია დღევანდელობისთვისაც, ეგებ, უფრო მეტადაც, ვიდრე ოდესმე. მწერალი ეკა ფხალაძე ამ პრობლემას ძალზე საინტერესო რაკურსით გვთავაზობს: მოდით, შევხედოთ მედალს ორი მხრიდან - რა მოგვწონს და რა არა ჩვენს შვილებსა თუ მათ მშობლებში. აქვე დიდ ილიას დავსესხები, „დავაკვირდეთ, ეგებ, გვენიშნოს რამე“. „ნამდვილი“ კი, ავტორის ნებართვით, ამ მშვენიერ მოთხრობას უძღვნის ყველა აბიტურიენტს და არა მარტო მათ...
ეკა ფხალაძე
არ იტირო, დე!
( დღევანდელობა)

-ბიჭო, შვილო.. -დაიწყო!... -გესმის? -ჰო! -მაშინ სად გარბიხარ?...მომისმინე... ბიჭმა რკინის კარი უკმაყოფილოდ მიაჯახუნა და ოთახში შეტრიალდა. -გისმენ. -ბიჭო...შვილო... -დაიწყო... -დღეს-ხვალ აბიტურიენტი გახდები, ან ატესტატი არ გინდა, ან სტუდენტობა? -ჰო. -მერე? რას აკეთებ? სად მიდიხარ? სად დადიხარ? -სკოლაში! -სკოლაში?! - დედამ წვნიანით სავსე ქვაბი ისე დააბრახვა მაგიდაზე, შხეფები ამოიფრქვა სახურავიდან. - სკოლაში?! გუშინაც სკოლაში იყავი? გუშინწინაც? ახლაც იქ მიდიხარ, ხო? ბიჭმა პირი დააღო. უცებ ერთად მოუნდა ყველაფერი: გაბრაზება მასწავლებლის გამო, დედის დამშვიდება უსაფუძვლო შიშისა და ნერვიულობის გამო, სიხარული - რომ მამა კვლავ არ ერეოდა მის საქმეებში. და ბოლოს... გაღიმებაც იმის გამო, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც თავისას იზამდა ისევ... არც ერთი არ უქნია, სიტყვის უთქმელად მიტრიალდა. * * * ქუჩა იყო ჭრელი, ფუთფუთა, არეული, შერეული, ბევრნაირი სიტყვით, ხმითა და თვალით სავსე, სიცხით შეღონებული, დაღლილობაში ალინთული წუხილით, განცდით, აზრებით... მაგრამ მაინც ქუჩა იყო სწორედაც მიმზიდველი და საინტერესო. სწორედაც ქუჩა იყო იმდღევანდელი ცხოვრების მთავარი მანათობელი შუქურა, ინტერესის წყარო და, თუნდაც, თვალწყალდასალევინებელი, თუნდაც გოგოების ყურადღების შუაგულში აღმოსაჩენი გზა-კვალი. მიწისქვეშა გადასასვლელში ცხვირის ჩაყოფისთანავე ყურს სწვდებოდა ცოცხალი მელოდია. ხმატკბილშეწყობილ ხმებად შემოგეფრქვეოდა გიტარას აყოლილი ბიჭური ტონი. მოპირდაპირე კედელთან კი მთელი დღის განმავლობაში იდგა და იცვლებოდა ნაზი მსმენელი ციმციმა მზერით, გაუთავებელი საჩურჩულოთი, შერეული კისკისითა და იდუმლად გამოპარებული მზერით. ...იმ დღეს, ორ-სამ კიბეს ხტუნვა-ხტუნვით რომ გადააფრინდა და აქაქანებული გაჩერდა, დაკვრა შეწყდა და ისედაც დაბნეულს ბრაზით მიაფრინდნენ დამხვდურნი, სულ შენ როგორ უნდა გელოდოთ ყველაო?! -არა...დღეს... - და ბიჭს დილანდელივით მოუნდა ყველაფერი: გაბრაზებაც, დარწმუნებაც, ღიმილიც!.. არც ერთი არ აცალეს. ერთმა თავში ხელი წამოარტყა, მეორემ სადღაც ნაპოვნი ძველმანი ქუდი მიაჩეჩა ხელში: -მიდი, დროზე! -ვახ, ჩემი! - ჩაიბურდღუნა ბიჭმა. ქუდი ხელზე დაიბერტყა, კეპი შეისწორა თავზე, რატომღაც ხმა ჩაიწმინდა, მოკისკისე გოგონებს თვალი აარიდა და მიმავალი ქალებისკენ ნაჩვევი ღიმილით გაიწოდა ქუდიანი მარჯვენა. * * * და მთელი დღის განმავლობაში ქუდი ივსებოდა ხურდებით, ორლარიანებითაც... იშვიათად, ამღერებული ბიჭების წინ გაყუჩებული ერთ-ერთი გოგოს კავალერი ქაღალდის ფულსაც ამოაცოცებდა საფულიდან, მშვიდობის ბაირაღივით ააფრიალებდა და მერე ამაყად გაფხორილი გააბიჯებდა, როცა გოგოს კმაყოფილი, სხივიანი მზერა გაუგრილებდა ალავრდნილ თავმოყვარეობას... ტურისტებიც ჩერდებოდნენ ზოგჯერ. ღიმილიანები მოიმარჯვებდნენ ფოტოაპარატებს და ინტერესით აჩხაკუნებდნენ. ასეთ დროს ბიჭები მექანიკური საქოქით სამართავ სათამაშოებს ემსგავსებოდნენ, მოჩვენებით ომახს მატებდნენ სიმღერას, მეტი მონდომებით აკვნესებდნენ გიტარას და თან ერთად წითლდებოდა ყველა. თუ ხანდახან მომღერალ სასტავ-საძმაკაცოს გულშემატკივრები შემოემატებოდნენ, ხომ - საუკეთესო! მიწისქვეშა გვირაბში დამწკრივებულები კედლებს ცალ ფეხს მიაბჯენდნენ, კეპებს უკან მოიქცევდნენ, ჯიბეებში ხელებს ჩაიწყობდნენ და სტვენას ნა ხმას აყოლებდნენ მეტი ინტიმით აჟიტირებულ მუსიკას და შუაში გავლილ გოგოებს ქალურ ინსტიქტს ემოციებად აუჟივილხივილებდნენ. ოღონდ ამ დროს სათვალთვალო რჩებოდა მეტი, საქუდედ გამეტებული - ნაკლები. ქუჩა კი სულ ისეთივე იყო: ჭრელი, ფუთფუთა, არეული, არეული სიტყვითა და შერეული თვალით, აზრით, სიცხით გაჟღენთილი განწყობით. * * * -ხომ ვერ დაგვეხმარებით, ქალბატონო? -მე მეხმარება ვინმე?! - ისტერიკულად შესძახებს ქალი. -შეიძლება, გაიღოთ მოწყალება? -თუ მექნებოდა, თხოვნა რად დამჭირდებოდა? - ალბათ, გულწრფელად უკვირს კაცს. -თუ შეიძლება!.. - ღიმილით, ზრდილობით, თხოვნით,, ოდნავ წინ წახრით გაწვდილი ქუდით იმზირება ბიჭი. გამვლელი ჩერდება, სინანულით ეზიდება წარბებს, თითქოს ან უსიამოვნო წარსულიდან, ან მძინე მომავლის წარმოდგენიდან ამოაყვინთინეს თავიო, აქეთ- იქით იმზირება და შემოციცინებულ თვალებს ისეთივე სინანულიანი თვალებით პასუხობს: - ბოდიში, ბიჭებო... არ მაქვს... ვერაფერს გაჩუქებთ... - და რაღაცნაირად მიდის, დამნაშავესავით... -არაფერია, ქალბატონო, ღიმილი ხომ გვაჩუქეთ! -ახალგაზრდა ქალი მიდის...ისევ ნელ-ნელა ეშვება უსიამო წარსულის თუ მძიმე მომავლის წარმოდგენაში, მაგრამ ზურგზე ეტყობა, ტკბილ კომპლიმენტად რომ ჩაჰყვა გულის გულს პატარა ბიჭებისგან მიყოლილი თანაგრძნობის შეძახილი. თითქოსდა მათაც ეს-ესაა აეღოთ და მინდვრის სურნელით სატკბობ-საფერებელი თაიგული ეჩუქებინოთ! - წადით, შვილო, ჯან-ღონით სავსენი ხართ, წაიმუშავეთ, ხელ-ფეხი მოახმარეთ ოჯახს, ქვეყანას ... - გაღიზიანებული ხმა აფხიზლებთ კისერმოღრეცილთ. -ვმუშაობთ, ბიძია, ვმუშაობთ. განა გიტარის დაკვრა მუშაობა არ არის? - მთელი დღე ფეხზე დგომა? - ფულის დათვლა? ბიჭები იცინიან... იცინიან. -ვინ ხართ, რა ხართ, ვინ მოდიხართ, სად მოდიხართ!!! - სადღაც მიღმა იყურება კაცი, თავს იქნევს და ზურგს აქცევს... ხელში ქუდგაშეშებული ბიჭი ერთხანს ყუჩდება და მიმავალ კაცს გასცქერის. რომელიღაც ხელისკვრით აფხიზლებს: - იკაიფე რა! გაატარე!... რაც დაგვიტოვეს, იმასაც გვაყვედრიან... * * * -ბიჭო, შვილო! -დაიწყო! - გესმის? -ჰო! დედა ჩუმდება და ბიჭი უჩუმრად იხედება სამზარეულოში. ხედავს, ქურასთან მიმდგარი ქალი მკლავებით როგორ იწმენდს ცრემლებს. ერთხანს არ იცის, რა ქნას, რა თქვას, ხელებს ზურგზე იწყობს და ნელი ნაბიჯით უახლოვდება. -ვიცი, დე... ატესტატიც მინდა და სტუდენტობაც. აი, ნახე, ორივე მეღირსება. შენ ნუ გეშინია. მომავალი წლიდან წიგნებს რომ ჩავუჯდები, ვეღარ ამაყენებ ხოლმე, ნახე!.. დედა, დამშვიდების მაგიერ, უფრო ქვითინებს, მაგრამ, მთავარია, არ ილანძღება. ტირილით გულს მოიოხებს და დაწყნარდება. - არ იტირო, დე! დღეს ეგრე ჯობს!.. - უკან-უკან იხევს და კედელს ეჯახება. ხელისგულით ისრესს ნატკენ ადგილს. - ხვალეზე ხვალ ვილაპარაკოთ ... შენ არ ინერვიულო, ატესტატსაც მოგიტან და სტუდენტიც გავხდები, - გასასვლელ კართანაა და ხმას უმაღლებს. - გპირდები, ოღონდ არ იტირო, რა! ბოლო სიტყვები კარის ჯახუნთან ერთად ინაყება. ბიჭი უკანმოუხედავად გარბის სახლიდან ...
კატეგორია - შემოქმედება
***დამეთანხმებით, ასეთი სიღრმით, თხრობის უბრალოებითა და სტრიქონებს შორის გამომკრთალი მართალი ქვეტექსტებით მხოლოდ ნიჭიერ და გამოცდილ შემოქმედებს შეუძლიათ წერა. ამ მოთხრობის ავტორი მხოლოდ 17 წლისაა. მოთხრობის დასასრული კი თავისი უთქმელი ნათქვამით, უბრალოდ, გენიალურია. „ნამდვილს“ არ ეუხერხულება ასეთი წინასიტყვაობა, რადგან სჯერა, ამაში დრო ყველას ნამდვილად დაგვარწმუნებს.
ავთო ტლაშიძე
გაბრიელი

გაბრიელი ჩვიდმეტი წლის მოზარდია და მეგობრები გაბოს ეძახიან. მის ლამაზ თვალებში სითბოსა და სიყვარულის მეტს ვერაფერს დაინახავ. ზაფხული. ივლისის 13. თბილისი თითქმის ცარიელია. გაბრიელი მეგობრებთან ერთად გეგმავს ბათუმში თვითმფრინავით გამგზავრებას. გაბოს ერთ-ერთი კეთილი და ბავშვური შეხედულების მეგობარი კარზე აკაკუნებს. კარს გაბოს დედა , თამარი აღებს. -გამარჯობა, თამო დეიდა, როგორ ხართ? -კარგად, ლაშა, შენ? -რავი... არა მიშავს... -კარგად უნდა იყო, შვილო. -ოჰჰ! მოხვედი, ვაჟკაც?!- მეორე ოთახიდან გამოდის ლაშა. - წავედით. -გაბო, ძალიან არ დაიგვიანო, ხომ იცი, ვნერვიულობ, დე! - მკაცრად ამბობს დედა. გაბო და ლაშა დანარჩენ მეგობრებსაც ხვდებიან. ბიჭებს უცებ გახსენდათ, რომ დიდი ხნის უნახავი მათი სიყრმის მეგობარია თბილისში ჩამოსული და გადაწყვეტეს, რომ ბათუმში გამგზავრებამდე ერთად მისხდომოდნენ სუფრას. მის სადარბაზოსთან მივიდნენ და შესძახეს: -ალექს! ალექსმა გადმოიხედა. -თქვენ?! - ჩამოსძახათ სახეგაბრწყინებულმა და რამდენიმე წამში მათთან გაჩნდა. პირველად გაბოს გადაეხვია. -რა არის, ბიჭო? ჩამოხვედი და ერთი მესიჯიც კი არ მოგვწერე არც ერთს, აქეთ ვარო!- საყვედურივით მიაყოლა გაბომ. -აუ, შენს თავს ვფიცავარ, მთელი გზა ვფიქრობდი, რომ ჩავალ, ბიჭებს დავურეკავ და აღვნიშნავთ- თქო, მაგრამ ისეთი არეული დამხვდა სახლი, ახლაც ვალაგებთ მე და დედა. -დალაგება ხვალისთვის გადადე. ზეგ ბათუმში მივფრინავთ. ახლა ჩაიცვი და წამო, ცოტა დავლიოთ, გავერთოთ, ხო იცი... -ხო რა, სულ ხო ვერ ვართ ესე ერთად ყველა, - საუბარში ჩაერთო მესამე ძმაკაცი... ამასობაში ღამის ათი საათიც გახდა. რესტორანში შევიდნენ. დასხდნენ. -წავალ, შევუკვეთავ ყველაფერს და ორ წუთში მოვალ. იცოდეთ, უჩემოდ არაფერზე იღადავოთ, - ღიმილით თქვა გაბომ და გავიდა. სუფრა ძალიან მალე გააწყეს. -აჰა, ყველაფერი აქ არის, ხომ არაფერი გვაკლია?-იკითხა გაბომ. -არაფერი. დაჯექი და დავიწყოთ, გაშრა, ბიჭო, ყელი! - თქვა ალექსმა. თორმეტი საათისთვის დაიშალნენ ბიჭები. - ტაქსი გავაჩეროთ და დავრიგდეთ სახლებში, ფეხით ხომ არ ვიბოდიალებთ... - გაბოს სათქმელი დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ოცდახუთიოდე წლის უცნობმა ახალგაზრდამ დაუძახა: -ეეი, ბიჭი, ერთი წამით აქეთ მოიწიე რა!.. გაბოსთან ერთად მთელი საძმაკაცო დაიძრა. - მოიცათ, მარტო მივალ, კაცს არ შეეშინდეს, ამდენს რომ დაგვინახავს,- გაბომ ბიჭები შეაჩერა. -გაუმარჯოს, ვაჟკაც, შენი სახელი? -გაბრიელი. რა ხდება? შემიძლია რამით დაგეხმარო? -კი. დამარეკინე რა ერთ ადგილას! გაბომ შეატყო, ბიჭი ნასვამი იყო და რაკი არ იცოდა, რეალურად რა მიზნით სურდა დარეკვა, უთხრა: -სალაპარაკო არ მაქვს, თორემ რა პრობლემაა?! ამ დროს ბიჭებმაც დაუძახეს: - მალე რა, გაბო, გვეჩქარება! - თქვენ რა გინდათ, ბიჭო, აბა აქ მოდით!- ხმამაღლა აყვირდა უცნობი ახალგაზრდა. პასუხად ბიჭები მისკენ დაიძრნენ. როდესაც მიუახლოვდნენ, უცნობმა მოულოდნელად დანა ამოიღო და სიტყვის უთქმელად დაარტყა ლაშას. ორიოდე წამში რესტორნიდან ტანმოზრდილი ბიჭები გამოცვივდნენ და ატყდა ჩხუბი. საქმეში რესტორნის დაცვა ჩაერია და პატრულის გამოძახებით დაიმუქრა. უცხო ბიჭი და მისი მეგობრები ეგრევე გაუჩინარდნენ. სახლში მისული გაბო დედამ დასისხლიანებული რომ დაინახა, ლამის გული შეუწუხდა: -ვაიმე, შვილო, რა გჭირს? ვინ გცემა? -არაფერია, დე, უბრალოდ, სისხლი მომდის ცხვირიდან. ბიჭებმა ცოტა დავლიეთ და მერე ფეხბურთი ვითამაშეთ. დედას ცოტა დაუჯერებლად კი მოეჩვენა, მაგრამ სისხლმა მაგრად დააბნია და აღარ ჩასძიებია. -კარგი, დე, ახლა დავიძინებ, ხვალ ბათუმისთვის უნდა მოვემზადო, ზეგ მივფრინავთ, ხო იცი... -კარგი, შვილო, ტკბილი ძილი!-დედამ შუქი ჩააქრო და კარი ნელა გაიხურა. მეორე დილით კარზე გაბმულმა ძლიერმა კაკუნმა გააღვიძა. თამარის კითხვაზე, თუ ვინ იყო, პასუხად გაისმა: -გააღეთ, საპატრულო პოლიციიდან ვართ! გაფითრებულმა დედამ კარი გააღო. პატრულის სამი თანამშრომლიდან ერთ-ერთმა იკითხა: -გაბრიელ დადიანი აქ არის? -დიახ, აქ ვარ!- გაბოს ერთბაშად დავაჟკაცებული ხმა ელვასავით გამოენთო საძინებლიდან. -თქვენ, გაბრიელ დადიანს, ბრალი გედებათ ხულიგნობაში, სხეულის განზრახ დაზიანებასა და დაყაჩაღებაში. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. რასაც თქვენ იტყვით, გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ...

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge